"Georgian fashion week" მეტეხის ხიდზე ხვალ, ავთანდილ ცქვიტინიძის მოდელების ჩვენებით გაიხსნება. მოდის კვირეულზე თავიანთ ნამუშევრებს 20-ზე მეტი ქართველი და ხუთი უცხოელი დიზაინერი შოთა რუსთაველის აკადემიური თეატრის მცირე სცენაზე, სამეჯლისო დარბაზში, ასევე საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში მოწყობილ პოდიუმებზე წარმოადგენენ.
ქართული მოდის კვირეულს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლები აიავ როდიჩი, კეტრინ ბაბა და საფრანგეთში პრეტ ა პორტეს ფედერაციის პრეზიდენტი ჟან პიერ მოშო ეწვევიან.
როგორც "Georgian fashion week"-ის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული ღონისძიება ქართველი დამწყები დიზაინერებისთვის ერთგვარი ტრამპლინი იქნება. კერძოდ, მოდის კვირეულის მიმდინარეობისას მოეწყობა შოუ-რუმები, მასტერკლასები და ლექციები, რომლის დროსაც უცხოელი მოდის კრიტიკოსები ნიჭიერ დამწყებ დიზაინერებს შეარჩევენ და სტაჟირებაზე საფრანგეთში გააგზავნიან.
თბილისში ჩამოსული უცხოელი ჟურნალისტები მოდის კვირეულის გარდა, რეპორტაჟებს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ, პოლიტიკურ და კულტურულ საკითხებზეც მოამზადებენ.
|