კალიფორნიის შტატის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ პოპ-მუსიკის მეფის მაიკლ ჯექსონის მამას ვაჟის მემკვიდრეობის განკარგვის უფლება არა აქვს, იტყობინება "Россия-24". სასამართლომ ლოს-ანჯელესის სასამართლოს ვერდიქტის კანონიერება აღიარა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჯო ჯექსონის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
უფროსი ჯექსონი საკუთარი მძიმე მატერიალური მდგომარეობით სპეკულირებდა და სასამართლოს გზით ვაჟის მემკვიდრეობის განკარგვის უფლების მოპოვებას ცდილობდა.
ანდერძის თანახმად, რომელიც 2002 წელს დაიწერა, მაიკლ ჯექსონმა საკუთარი უძრავ-მოძრავი ქონება რამდენიმე ასეულ მლნ დოლარად შეაფასა. მომღერალმა მთელი ქონება დედამისს კეტრინს, სამ შვილსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს დაუტოვა.
მამის სახელი ანდერძში პრინციპულად არ იყო ნახსენები. მომღერალს მამა აღზრდის მკაცრი მეთოდებით დაამახსოვრდა. მაიკლის ცნობიერებაზე ბავშვობის მწარე მოგონებებმა ღრმა კვალი დატოვა, რაც მოგვიანებით მის ექსცენტრიულობასა და გაუწონასწორებელ ხასიათში გამოვლინდა.
შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჯექსონი შარშან, 25 ივნისს ინფარქტით გარდაიცვალა .
|