![Ambebi.Ge Ambebi.Ge](http://www.ambebi.ge/images/pictures/shoubiz/qartuli/modelebi/avtandilis%20kaba%201.jpg)
თათა ვარდანაშვილი, ფეხსაცმლის დიზაინერი:
- ვფიქრობ, 2011 წლის მოდა უფრო "ლიბერალური" იქნება, ვიდრე შარშანდელი. თუ აქამდე მაღალი "პლატფორმა" და სქელი ქუსლი იყო მოდური, 2011-დან კლასიკურ ჩარჩოში მოქცეული, ზედმეტად ქალური ან ზედმეტად თავისუფალი და სპორტული სტილის ფეხსაცმელი იქნება აქტუალური. თინეიჯერები არჩევანში თავისუფალნი იქნებიან და არნაირი შეზღუდვა არ ექნებათ, რომ მაღალ ქუსლზე იარონ. შეუძლიათ დაბალძირიანი, მამაკაცური სტილის ფეხსაცმელი შეარჩიონ, რომელიც მოდური იქნება, რადგან შარვლის სტილი კლასიკურ, ვიწრო ფორმებს უახლოვდება, რომელსაც სქელი და უხეში ფორმის ფეხსაცმელი არ უხდება. 2010-ში მაღალი "პლატფორმა" და უტრირებული, მრგვალი ცხვირი იყო მოდური; 2011 წლიდან კი მოკლეცხვირიანი, კლასიკური, მაღალქუსლიანი (ე.წ. "შპილკა"), ფრანგული სტილის ფეხსაცმელი დამკვიდრდება. აქტუალური იქნება თეთრი, ვერცხლისფერი და მათთან მიახლოებული, ნებისმიერი სხვა ფერი. ასევე რუხ ფერში გარდამავალი, ღია ვარდისფერი. ზაფხულში მოდური იქნება სადაფისფერი თეთრი - "პერლამუტრს" რომ ვეძახით.
- ფეხსაცმლის თვლებით ან სხვადასხვა სახის ორნამენტით გაფორმება თუ იქნება მოდური?
- დიახ, ოღონდ, ერთი ფერით - მაგალითად, ვერცხლისფრით გაფორმება, რადგან კურდღლის წლის გათვალისწინებით, ფეხსაცმელი მეტად სადა, ტანსაცმელი კი უფრო შემკული და გამორჩეული უნდა იყოს.
- როგორც ვიცი, ბეწვისაგან შეკერილი ფეხსაცმელიც აქტუალური იქნება.
- დიახ, ოღონდ ეს არ უნდა იყოს კურდღლის ბეწვი, რადგან მისი წელია და ალბათ გაუფრთხილდებიან (იცინის). მაინც ვფიქრობ, რომ მბზინავი ტყავის ფეხსაცმელი იქნება უფრო მოდური, არა - საქონლის, არამედ ცხვრისა და "ლაიკის" ტყავისგან შეკერილი, თხელი და რბილი. "სხივიანი" ტყავი და არა - ლაკი, ფეხსაცმელს სადღესასწაულო იერს შესძენს.
ავთო ცქვიტინიძე, დიზაინერი:
- 2011 წლის მოდის ტენდენციები რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, თუ რა უნდა გვეცვას ახალი წლის ღამეს. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად, მომავალი წლის მოდის ტენდენციაში კურდღლის წელი არაფერ შუაშია. ზაფხულში ძალიან მოდური იქნება კანისფერი, წითელი, ღია ნაცრისფერი და თეთრი, რომელიც ასე აქტუალური დიდი ხანია, არ ყოფილა. ვფიქრობ, ქალები ასეთი ფერის სამოსში ზებუნებრივად ლამაზები წარმოჩნდებიან, მაგრამ ცოტათი უნდა გახდნენ, რადგან ნათელი ფერები, ჰაეროვნება და "გამჭვირვალობაა" მოდაში, რაც სიმსუქნეს ვერ ეგუება. 2011 წელს შიფონი განსაკუთრებით აქტუალური იქნება. ქართველ მანდილოსნებს ყოველთვის შეუძლიათ განსაკუთრებულად გამოიყურებოდნენ და მოდის ტენდენციებიდან ის აიღონ, რაც ყველაზე მთავარი და აქტუალურია და საკუთარ სხეულს მოარგონ.
- მამაკაცის სამოსშიც რაიმე განსაკუთრებული ცვლილებებია?
- მამაკაცის პიჯაკის სილუეტი იმდენად გამოყვანილია, რომ ფაქტობრივად, მასში სუნთქვაც კი რთულია. უკვე ბევრი მამაკაცი ვარჯიშობს და თავს უვლის; კარგ ფიგურაზე კი ასეთი პიჯაკები და გამოყვანილი შარვლები ლამაზად "ზის". შარვალი ქვემოთ დავიწროებულია, უბე - ოდნავ ჩამოსული, რასაც ქართველი მამაკაცები უკვე შეეგუვნენ და მიხვდნენ, რომ ასეთი სტილის ჩაცმულობა არ ნიშნავს, რომ მამაკაცს რაიმე "გადახრა" აქვს. დღეს ასეთი სტილის შარვლებზე ბევრი შეკვეთა გვაქვს, სასიძოებიც კი იცვამენ ქორწილში. მიხარია, რომ მოდურად ჩაცმა უკვე ლოგიკურად და სწორად აღიქმება.
- 2010 წელს პერანგისა და ჰალსტუხის იდენტური ფერი იყო აქტუალური. როგორ იქნება 2011-ში?
- რადგან ასეთი სტილის მომხმარებელი არ ვარ, მგონია, რომ არც სხვებს მოსწონთ. დაბადების დღეზე მაკა მეტრეველმა ძალიან ლამაზი, ნაქსოვი ჰალსტუხი მაჩუქა; იმას კი აუცილებლად გავიკეთებ. საქართველოში ბევრი არ ატარებს ჰალსტუხს და ვინც ატარებს, მაინცდამაინც არ მოსწონს. ტონალობაში სხვაობა უნდა დავიცვათ. მაგალითად, ღია ნაცრისფერ პერანგზე მუქი ნაცრისფერი, აბრეშუმის ჰალსტუხია მისაღები.
- როგორი ქსოვილებია აქტუალური და ძვირფასი, ზამთრის სეზონზე?
- ზამთარში ქაშმირსა და შალს არაფერი სჯობს. საერთოდ, ის ქსოვილები, რომლებსაც წამყვანი დიზაინერები იყენებენ, ყოველთვის ნატურალური, ძვირფასი და მაღალი ხარისხისაა. ხავერდი, აბრეშუმი, შიფონი, ტრიკოტინი, ქაშმირი - "ჰაი" კლასია და ყოველთვის მოდაშია. უბრალოდ, მათი ტონალობა და ორნამენტი იცვლება ხოლმე. თუ ნატურალურ ფერს (არა - შეღებილს) შევიძენთ, ის არაერთი სეზონის მანძილზე გამოგვადგება.
- 2010 - "ლამაზფეხებიანების", ანუ მეტისმეტად მოკლე კაბების წელი იყო. ამჯერად საით იხრება მოდის ტენდენციები?
- ზამთრის სეზონს ეს ძალიან მოკლე სილუეტები ამთავრებს. თუმცა, ბევრმა დიზაინერმა ზაფხულის კოლექციაში მოკლე კაბები, დიდი ზომის პიჯაკები და უფრო გამოყვანილი სილუეტები შემოგვთავაზა, სინამდვილეში მაქსიმალურად გრძელი ქვედაბოლოები უფრო ჭარბობს. კლასიკური სიგრძე კი - მუხლს ქვემოთ, არა მგონია, ოდესმე მოდიდან გადავიდეს.
- შარფებსა და სხვა აქსესუარებზე რას გვეტყვით?
- შიფონის გრძელ და განიერ შარფებზე დამაგრებული, დიდი შალის ყვავილები ძალიან მოდურია. ლამაზი აქსესუარი ყოველთვის ახალისებს მოდელსაც და ძველ ტანსაცმელსაც. ქამრები აუცილებლად წელზე უნდა მაგრდებოდეს და არა - მენჯზე ან თეძოზე. თავისუფალ კაბებზეც კი წელზე მომდგარი, ფართო ან წვრილი ქამრებია მოდაში.
- როგორი სამოსი უნდა გვეცვას ახალ წელს?
- აუცილებელია, რაიმე ბრჭყვიალა ჩავიცვათ - ვერცხლისფერ ტონში იქნება თუ ოქროსფერში, მნიშვნელობა არა აქვს. აუცილებელია, ნატურალური და ფუმფულა ბეწვი. მიუხედავად იმისა, რომ კურდღელს მელია არ უყვარს, ის სეზონზე ძალიან მოდურია და სავალდებულოც კია, რომ გვეცვას. საერთოდ კი, გოგონებო, ჯობს ის სამოსი ატაროთ, რაც ყველაზე მეტად გიხდებათ. გისურვებთ, კურდღლის წელი წარმატებული ყოფილიყოს არა მარტო კარიერაში, არამედ - მამაკაცებთან ურთიერთობაშიც, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ყოველთვის ჰქონდეთ სურვილი, საყვარელ ქალბატონებს ლამაზი და ძვირფასი კაბები შეუძინონ.