\ რუსი მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი ბლოგერებზე განაწყენდა, რომლებმაც ის ხელისუფლების ლაქიად მონათლეს. ბლოგერებმა Машина времени-ს ლიდერს ბრალდებები მას შემდეგ წაუყენეს, რაც მან საკუთარ ბლოგში მედვედევი დადებითად დაახასიათა. ბლოგერების საპასუხოდ, მაკარევიჩმა ინტერნეტში მუსიკალური ვიდეორგოლი განათავსა.
პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის რუს მუსიკოსებთან შეხვედრის მეორე დღეს ანდრეი მაკარევიჩის ბლოგზე ამ მოვლენისადმი მიძღვნილი პოსტი გაჩნდა.
მუსიკოსი წერდა: "ჩემი აზრით, მედვედევი სრულიად ადექვატური და კომუნიკაბელური ადამიანია. მე მასზე ადრეც კარგი შთაბეჭდილება მქონდა და ახლა ეს შთაბეჭდილდბა კიდევ უფრო გამიმყარდა. არ მსურს, ვიმარჩიელო, რამდენად ლიბერალურია მედვედევი. მის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს ორივე ხელით მხარს ვუჭერ. მჯერა, ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის".
ბლოგერებს მაკარევიჩის განცხადებებზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ. მაკარევიჩი ანგაჟირებულობასა და ხელისუფლების მიმართ პირფერობაში დაადანაშაულეს.
სიმღერის გარდა, მაკარევიჩმა კრიტიკოსებს თავის ოფიციალურ საიტზე ასე უპასუხა: "თუ ვინმეს ჩემი ძაგება ან მორალის კითხვა სურს, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია. თქვენი აზრი არ მაინტერესებს. სხვა დანარჩენთათვის კი ვიტყვი, რომ მუსიკოსები კი არ მისულან კრემლში პრეზიდენტთან, არამედ თავად პრეზიდენტი, საკუთარი სურვილით, მოვიდა ჩვენთან!"
|