ახალი დროის ნამდვილი ვარსკვლავი, რომელმაც რამდენიმე ჰიტური სიმღერით მოიპოვა პოპულარობა, კიდევ უფრო პოპულარული მისმა უჩვეულო იმიჯმა გახადა. ლედი გაგა ერთმანეთზე უფრო ექსტრაორდინარული და არანორმალური კოსტიუმებით ჩნდება საზოგადოების წინაშე და უცხოპლანეტელის სახელიც კი დაიმკვიდრა. ის კარგა ხანია აღარ არის უბრალოდ მომღერალი, ნამდვილი კოსმოსური მოვლენაა. ასე იყო VMA-ს ბოლო დაჯილდოებისას, რომელზეც რამდენჯერმე გამოიცვალა სამოსი და ფოტოგრაფების გამუდმებული ყურადღების ქვეშაც მოექცა.
ჩვენ ლედი გაგას რამდენიმე ყველაზე ექსტრავაგანტურ კოსტიუმს წარმოგიდგენთ და რამდენიმე საინტერესო ფაქტსაც შემოგთავაზებთ მისი ბიოგრაფიიდან.
ლედი გაგას ნამდვილი სახელია ჯოან სტეფანი ჯერმანოტა. ის 1986 წელს ნიუ-იორკში დაიბადა და ლამის აკვნიდან სჯეროდა, რომ ვარსკვლავად იყო დაბადებული. მუსიკა მისი ერთადერთი სიყვარულია. "მამაკაცისგან განსხვავებით, ის ერთ დღეს არ მომიბრუნდება და არ მეტყვის, რომ აღარ ვუყვარვარ", - დარწმუნებულია მომღერალი. 4 წლისამ ვირტუოზულად აითვისა ფორტეპიანოზე დაკვრა. მის საბავშვო მუსიკალურ კოლექციაში იპოვიდით მაიკლ ჯეკსონისა და სინდი ლაუპერის ჩანაწერებს. 14 წლისას ჰქონდა დებიუტი ნიუიორკულ კლუბში. მაშინვე დაიწყო მისი პირველი ექსპერიმენტები - ლეოპარდისებური შეფერილობის სამოსი, უჩვეულო წინდები და ველური ვარცხნილობები. მოცეკვავედ მუშაობდა სტრიპკლუბში, რათა მშობლებისგან დამოუკიდებელი ყოფილიყო. "ზოგიერთებს აიძულებენ გაიხადოს, მე კი პირიქით, მეხვეწებოდნენ, ჩაიცვიო. მზად ვიყავი, მხოლოდ ტრუსებსა და მაღალ ქუსლებში გამოწყობილს დღისითაც კი მევლო". დიდხანს იყო დიდების ჩრდილში - სიმღერებს წერდა ბრიტნი სპირსის, ფერჯისა და Pussycat dolls-ისთვის. ბუნებრივად შავთმიანია, მაგრამ ქერად შეიღება თმა, რომ ემი უაინჰაუსში არ არეოდათ. მადონასა და კრისტინა აგილერასთან შედარებები კი დროსთან ერთად მინელდა. სცენური ფსევდონიმი ლედი გაგა აიღო "ქუინის" სიმღერის Radio Ga-Ga-ს პატივსაცემად, როდესაც ბედმა ცნობილ მუსიკალურ პროდიუსერ რობ ფიუზარისთან შეახვედრა. სხეულზე ექვსი ტატუირება აქვს, რომელთა შორის არის "მშვიდობის სიმბოლო", ჯონ ლენონის ხსოვნის პატივსაცემი ტატუ და საყვარელი პოეტის რაინერ მარია რილკეს ლექსის ერთი სტროფი. თავად ქმნის თავის სტილს და კერავს საკონცერტო სამოსს. საკუთარი ატელიეც დააარსა. "სიმღერას კაბის მიხედვით ვწერ. როდესაც მუსიკას ვქმნი, ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, რომელი სამოსი შევარჩიო ამა თუ იმ სიმღერის სცენაზე შესრულებისას". იშვიათად აბამს რომანებს. მისი უკანასკნელი გატაცება იყო ვინმე სპიდი, თუმცა მას დაშორდა. როგორც ჩანს, მამაკაცებს უჭირთ ასეთი უცნაური ქალის გვერდით ყოფნა. არასდროს გაცვლის წარმატებასა და დიდებას მშვიდ ცხოვრებაზე. "რასაკვირველია, ძალიან მღლის გადაფრენები და დაძაბული გრაფიკი, მაგრამ მერე ვფიქრობ, მილიონობით ადამიანი ხელს მოიჭრიდა, ოღონდ კი ჩემს ადგილას მოხვედრილიყო. ნუთუ შემიძლია, საკუთარ თავს დანებების უფლება მივცე? "
|