ვარსკვლავური სტატუსი არა მხოლოდ ლამაზი ცხოვრება, მილიონიანი ჰონორარი და უამრავი აღფრთოვანებული თაყვანისმცემელია, ეს გამუდმებული ყურადღებაცაა. ვარსკვლავებს არ აქვთ შეცდომების უფლება: ყოველთვის იდეალური უნდა იყვნენ, საქციელით, საუბრით თუ ჩაცმის სტილით. თუმცა არიან ვარსკვლავები, რომლებმაც ამ ამოცანას ვერ გაართვეს თავი და მათი გემოვნება ხშირად ეჭვქვეშ დგება.
კორტნი ლავი სინამდვილეში კორტნი მსახიობი და მომღერალია, მაგრამ ბევრი მას მხოლოდ ჯგუფ "ნირვანას" ლიდერის კურტ კობეინის ქვრივად იცნობს. ჩვენი გმირის ბავშვობა არ ყოფილა დიდად მოწესრიგებული - დედამისი, ფსიქოთერაპევტი, ჰიპების მოძრაობის მიმდევარი იყო და კორტნი კომუნაში იზრდებოდა. გაიზარდა და მის ცხოვრებაში კურტ კობეინთან ერთად და მას მერეც შემოვიდა ალკოჰოლი და ნარკოტიკები, სასამართლოები და სარეაბილიტაციო კლინიკები, წარუმატებელი რომანები და პლასტიკური ოპერაციები. თითქოს ახლა თავისი ცხოვრების დალაგებას ცდილობს, თუმცა მისი გარეგნობა და ჩაცმის მანერა კვლავაც ახსენებს საზოგადოებას წარსულის შეცდომებს.
კორტნის არასდროს გაუხარებია თაყვანისმცემლები ელეგანტური სამოსით. დახეული ჯინსები და თვალწასული წინდები, გაწელილი მაისურები, მოკლე კაბები, რომლებიც უფრო მეტს აჩენენ, ვიდრე საჭიროა, მოკლე ბლუზები - აი, ეს არის მისი გარდერობი. არადა, ერთ დროს მისი სტილი სამაგალითოდ მიაჩნდათ. ახლა კი მისი დიზაინერული ექსპერიმენტებიც კრახით მთავრდება. ბოლო დროს ცდილობს, მეტად აუწყოს ფეხი მოდას, იქნებ ჯერ კიდევ აქვს შანსი?
ემი უაინჰაუსი ემი რთული მოზარდი იყო, რაც ალბათ არავის გააკვირვებს. 14 წლისა სკოლიდან გააგდეს და გოგონამ ამავე ასაკში პირველად გაუსინჯა გემო ნარკოტიკებს. მაშინვე დაწერა პირველი სიმღერები. სულ მალე ნიჭიერი მომღერალი სცენაზე გამოჩნდა და მომგებიან კონტრაქტებსაც მოაწერა ხელი, თუმცა ყოველთვის რჩებოდა დრო, მორიგ სკანდალში გახვეულიყო, რომლებიც ნარკოტიკებსა და ალკოჰოლთან იყო კავშირში. ახლაც იმავეს აგრძელებს.
ცნობილ მოდის კრიტიკოს რიჩარდ ბლეკუელს, რომელიც ყოველწლიურად ადგენს ყველაზე ცუდად ჩაცმული ვარსკვლავების სიას, არ ასდროს ენანება ემისთვის თავის რეიტინგებში პირველი პოზიციები. "ამ საშინელ კოპლებიან სამოსში ფაცხის ოფიციანტს უფრო ჰგავს", - არ ინდობს ემის ბლეკუელი. მინიქვედატანები, მაისურები, საიდანაც ბიუსტჰალტერი ჩანს, ფერადი კაბები, კორსეტები, მიკროსკოპიული შორტები - ეს ემის საყვარელი ნივთებია, რომლებიც ნამდვილი დანაშაულია მოდის წინააღმდეგ. ამას დაუმატეთ უამრავი ტატუირება, აწეწილი თმა, გადღაბნილი თვალები და სილიკონის იმპლანტანტები, რომლებიც აშკარად არ აჩენს უფრო სექსუალურს. მოკლედ, მისი ჩაცმის სტილი სრულიად აცამტვერებს მოსაზრებას, რომ ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია.
ბრიტნი სპირსი ბრიტნის ბიოგრაფია ყველამ იცის. მისი აღმაფრენები და დანარცხებები ჩვენ თვალწინ ხდებოდა. გვახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი: ცეკვები შიშველი მუცლით და გულუბრყვილო სიმღერები სიყვარულზე. ამერიკის საყვარელ გოგონას დიდ წარმატებას უქადდნენ, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა, კლასიკური ისტორიით - ალკოჰოლი, ნარკოტიკები, საეჭვო რომანები, რამდენიმე ორსულობა, თავის გადაპარსვა, ჩხუბი ფოტოგრაფებთან, მშობლის უფლების დაკარგვა... სამწუხაროდ, რა ხანია, ბრიტნი აღფრთოვანებას არ იწვევს. ალბათ, უფრო თანაგრძნობას.
რა აღარ უწოდებიათ ბრიტნისთვის მოდის კრიტიკოსებს. იგივე ბლეკუელი მის სამოსს "მადონას გამონაცვალს" უწოდებდა, თვით მომღერალს კი - "მოხუც ლოლიტას" და "მოდის მთავარ საფრთხობელას". ბრიტნის საყვარელი ნივთებია ჯინსის შორტები და ტოპები, რომლებიც მისი არც ისე იდეალური ფიგურის ყველა ნაკლოვანებას უსვამენ ხაზს. წითელ ხალიჩებზეც კარგა ხანია, არ ბრწყინავს: უგემოვნო, ნახევრად გამჭვირვალე კაბები, მოკლე ქვედატანები, ბადე-წინდები... ძნელია გაიხსენო მისი თუნდაც ერთი ნორმალური კოსტიუმი. ხშირად ამბობენ, რომ ქალი გამოცანა უნდა იყოს. ბრიტნის ერთადერთი გამოცანა ის არის, აქამდე რატომ ვერ მოახერხა კარგი სტილისტის დაქირავება?
ფიბი პრაისი ფიბი პრაისი ამოუცნობი პიროვნებაა. მასზე ბევრი რამ არ არის ცნობილი, მისი დაბადების თარიღიც კი საგულდაგულოდ იმალება. ამბობენ, ოდესღაც მოდელი იყო და საბერძნეთსა და იტალიაში მუშაობდა. მერე კინემატოგრაფს შეაფარა თავი. მცირე როლები შეასრულა ტელესერიალებში, რაც მის მთავარ მიღწევად დარჩა კინოში. მიუხედავად იმისა, რომ ფიბის არც ერთი სერიოზული როლი არ აქვს კარიერაში და ჰოლივუდის პროდიუსერებიც არ ფიქრობენ მისთვის რაიმე ამგვარის შეთავაზებას, პრაისი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავია. მისი პოპულარობის რეცეპტი მარტივია: ეპატაჟური სამოსი და პაპარაცების სიყვარული. პრაისი ყოველთვის მზად არის, ფოტოგრაფებს წინ იპოზიოროს.
საზოგადოებაში მისი ყოველი გამოჩენა ხდება მიზეზი, მცირე ხანს მოსწყდე სამუშაოს და გამხიარულდე. ასეთი რამ კი ხშირად ხდება: ფიბი არც ერთ ღონისძიებას არ ტოვებს და რაც გასაკვირია - ყველგან იწვევენ! მისი სამოსი ყოველთვის საკარნავალოა - არც ისე მოკრძალებული ჭრილები, დრაპირებული კაბები, უამრავი არაორდინარული აქსესუარი. გიჟდება ქუდებზე - ცილინდრებზე ან ფართოველიან შლაპებზე, რომლებიც ბუმბულებით და ქვებით არის მორთული, ან თმის აქსესუარები ამშვენებს - მოზრდილი ბაფთები. სიამოვნებით ატარებს რთულფიგურებიან წინდებს და დიდად არ ღელავს, რამდენად უხდება ის კაბას. ძნელია ფიბი პრაისს ვინმე შეეჯიბროს ჭეშმარიტად ქაოსურ სამოსში.
ლინდსი ლოჰანი მის შესახებაც თითქმის ყველაფერია ცნობილი. ბავშვობიდან მოღვაწეობს კინოში და ადრე იგრძნო ვარსკვლავობის გემო. ასევე ადრიანად – მოზარდობის წლებიდან შემოვიდა მის ცხოვრებაში სკანდალები ნარკოტიკებთან, ალკოჰოლთან, ლესბოსელ საყვარელთან თუ ციხეებთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის წინაც ციხეში ჩასვეს, თუმცა მერე პირობით გაათავისუფლეს.
ლინდსიც გიჟდება შორტებზე, ასევე ბოტფორტებსა და მაღალ ჩექმებზე, რომლებიც თითქმის ყოველთვის ჩაჩაჩული აქვს. ერთმანეთთან სრულიად შეუსაბამო სამოსი აცვია, ფერებით თუ წარმომავლობით და ხშირად ხვდება ყველაზე უგემოვნოთა რეიტინგებში. როცა საბოლოოდ დაჭკვიანდება და სკანდალებს შეეშვება, იმედია, ელეგანტურად ან, სულ ცოტა, ვარსკვლავურად მაინც ისწავლის ჩაცმას.
|