ყოველი წლის 14 თებერვალს მსოფლიოში წმინდა ვალენტინის დღესასწაული აღინიშნება, რომელიც სხვაგვარად სიყვარულის დღესასწაულად მიიჩნევა. ბოლო წლებში საქართველოშიც ტრადიციად დამკვიდრდა ამ დღესასწაულის აღნიშვნა. ადამიანთა ნაწილი სკეპტიკურადაა ამ მოვლენის მიმართ განწყობილი, ნაწილი, კი პირიქით. ჩვენ მართალია თქვენი განწყობა არ ვიცით ყოველივე ზემოთ ხსენებულის შესახებ, თუმცა ძალზედ მარტივად რომ მივუდგეთ საკითხს, ალბათ დანაშაული არ იქნება, თუკი მოგილოცავთ და ჭეშმარიტი სიყვარულის განცდას, შენარჩუნებასა და მეგზურობას გისურვებთ!
თქმულების მიხედვით, მღვდელი, რომელიც ვალენტინად მოიხსენიებოდა, შეყვარებულების დიდ მფარველად და მეოხედ მიიჩნეოდა და ჩუმადაც აუღლებდა მათ. მოგვიანებით იგი შეიპყრეს და ქრისტიანი მოწამეების დახმარებისა და ჯვრისწერების აღსრულებისათვის სასტიკად აწამეს. ციხეში ყოფნისას იგი დამტყვევებლის ბრმა ქალიშვილს დაახლოვებია და კიდევაც შეჰყვარებია. სიკვდილის წინ მისთვის სასიყვარულო ბარათი მიუწერია, რომელიც ასე მთავრდებოდა: „შენი ვალენტინისაგან". ალბათ აქედან მომდინარეობს ევროპული ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვით ვალენტინობას გაგზავნილი ბარათით ვაჟი თავისი რჩეულის ვალენტინი ხდება, ხოლო გოგონა კი ვალენტინა.
დღემდე ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებსა და ტკბილეულს უგზავნიან შეყვარებულები ერთმანეთს. ხალხური ტრადიციის მიხედვით ვალენტინი თავის სიცოცხლეში ბავშვებს საკუთარი ბაღიდან ჩუქნიდა ყვავილებს. მღვდლის დატყვევების შემდგომ, კი ბავშვები მიდიოდნენ მასთან და სიყვარულის ნიშნად ციხის გისოსებიან სარკმელში ესროდნენ ყვავილებს.
ეს ფოტოკოლაჟი, კი პატარებისთვის შევარჩიეთ:
ამ დღესასწაულს მართლმადიდებლური სამყარო არამართებულად მიიჩნევს. გაგიკვირდებათ და იგი არც კათოლიკური ეკლესიის მიერ აღინიშნება, როგორც წმინდანის მოსახსენიებელი დღე. ხოლო როგორც თავად ეკლესიის ისტორიის კათოლიკე და პროტესტანტი სპეციალისტები მიიჩნევენ, მისი ხსენების დღეს, ალბათ უძველესი რომაული წარმართული დღესასწაულის აღნიშვნა უნდა დასდებოდა საფუძვლად.
მრავალი საუკეთესო დღესასწაული გაგთენებოდეთ და ჭეშმარიტი სიყვარულით გევლოთ!