ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯესიკა ალბა, რომელიც იფიცებოდა, რომ კამერის წინ აღარასოდეს გაიხდიდა, რობერტ როდრიგესის ფილმში ”მაჩეტე” კვლავ გაშიშვლდა.
მთელი ბავშვობა საავადმყოფოში
- ხშირად მოგიხსენიებენ, როგორც მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალბატონს, ალბათ, შენს ლიცეუმში ვარსკვლავი იყავი... - მსგავსს ვერაფერს ვიხსენებ, პირიქით, არავინ მაქცევდა ყურადღებას, ყველა გამირბოდა. ძალზედ მოკრძალებული ვიყავი - ასე გამზარდეს. მქონდა საშინელი მეჩხერი კბილები და მჭახე ტეხასური აქცენტი, რომელიც ყურს ბასრად ხვდებოდა. გარდა ამისა, სულ ავადვმყოფობდი და გაკვეთილებზე იმდენად იშვიათად დავდიოდი, რომ კლასელებს ჩემი არსებობაც კი ავიწყდებოდათ.
-მამათქვენი წარმოშობით მექსიკელია, განიცდიდით ამ ფაქტს? - დიახ, ხშირად მიგრძვნია თავი ”თეთრ ყვავად”. მექსიკელებს ხომ ისეთ ადამიანებად თვლიდნენ, რომელთაც მხოლოდ მეეზოვეებად და მენაგვეებად შეეძლოთ მუშაობა.
- გიჭირდათ თავის გატანა? - დებოშის ამტეხი არასდროს ვყოფილვარ. ალბათ ავადმყოფობის გამო არ მყოფნიდა ამისთვის ძალა, ან უბრალოდ მამა მზრდიდა ასეთად. იგი სამხედრო საჰაერო ძალებში მსახურობდა და მუდმივად გვარიგებდა, პირველ რიგში ყველაფერი გვესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ გვეკეთებინა ის, რაც გვსურდა. 13 წლისას სულაც არ მიზიდავდა ჩემი ასაკის გოგონების მსგავსად ღამით სეირნობა და სიგარეტის მოწევა, ამისთვის ხშირად ვისმენდი ჩემი მისამართით დაცინვას. ამიტომ სკოლაში მუდმივად მამა მაცილებდა, რომ გზაში არაფერი დამმართნოდა.
მამაკაცებს იდეალურად ვეწყობი
-და მაინც, თქვენ გალამაზდით... -ეს 16 წლის ასაკში მოხდა. თუმცა ჩემი სილამაზის ნაკლებად მჯეროდა და დიდხანს ვერ ვაფასებდი ამ ღირსებას, მეტიც, მენატრებოდა ის დრო, როცა სასაცილო გოგონა ვიყავი.
-რომელს უფრო აფასებ - შინაგან თუ გარეგნულ სილამაზეს? -არც ერთს და არც მეორეს. მირჩევნია მამაკაცები მუშტებით ”მოვხიბლო”, ვიცი რაც უყვართ, როცა მიცქერენ. ვიყო სექსუალური, ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია.
- ფილმებში ყველა ტრიუკს თავად ასრულებ თუ კასკადიორს იშველიებთ? - არ არსებობს მსახიობი, რომელიც ფილმში, ან რეალურ ცხოვრებაში იმდენს გააკეთებდა, რასაც მე. სულ ცოტა ოთხი საშუალება ვიცი, როგორ მივუნაყო ცხვირპირი ადამიანს.
- გინდა თქვა, რომ შენში მამაკაცი იმალება? -არა, მე მხოლოდ და მხოლოდ გოგონა ვარ, რომელიც მამაკაცებს იდეალურად ეწყობა. ბევრი მაქვს მათთან საერთო, ღვინოსაც ვსვამ, ლუდსაც და სპორტზეც ვსაუბრობ, დავდივარ ჯინსებით და არა უაზრო ქუსლიანი ფეხსაცმლით. ასე მომწონს. გლამურული ქალბატონის სტილი არ შემეფერება, არ მიყვარს საღამოს კაბები და ახალი ფეხსაცმლის დანახვაზე გონებას არ ვკარგავ.
- იქნებ სექს-სიმბოლოსაც ვერ ხედავ საკუთარ თავში? - მე ჩემში მებრძოლს უფრო ვხედავ, ვიდრე სექს-სიმბოლოს. ჩემმა სხეულმა იმდენად ბევრი გადაიტანა 29 წლის მანძილზე, რომ დიდი ხანია მისით აღარ ვარ აღფრთოვანებული. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ გოგონა გავაჩინე. მანამდე უფრო მომხიბვლელი ვიყავი, ვიდრე ახლა.
ფული აბედნიერებს...
- შენი ყველა რჩეული ერთმანეთისგან განსხვავებული იყო, თუმცა ახლანდელი მეუღლე კეშ უორენი სიმპატიურად სულ არ მიიჩნევა... - უპირატესობას მოკრძალებულ მამაკაცებს ვანიჭებ, ურთიერთობა ყოველთვის ჩემზე ბევრად უფროს კაცებთან მქონდა, თუმცა კეში ამ მხრივ გამონაკლისია, იგი ჩემზე მხოლოდ ორი წლით უფროსია. ლამაზების მიმართ იმუნიტეტი გამოვუმიშავე, რადგან ასეთები არასდროს მაქცევდნენ ყურადღებას, სანამ ცნობადი არ გავხდებოდი.
- ”მაჩეტეზე” შორს თუ წახვალ და მთლიანად თუ აჩვენებ შენს სიშიშვლეს მაყურებელს? - არა. ადრეც ვამბობდი და ეხლაც გავიმეორებ, მაცდური საცვალი კიდევ ჰო, მაგრამ სულ გაშიშვლება ჩემთვის წარმოუდგენელია. რა გგონიათ, როდრიგესის ფილმში რა დაინახეს? მე არ გავშიშვლებულვარ, კადრში საცვალი გრაფიკოსებმა წაშალეს და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში გმირი შიშველი უნდა ყოფილიყო. ეს იგივია რაც ეპიზოდის შესრულებისას დუბლიორი გამოიყენო.
- აღიარეთ: ყველაზე მეტად რა მოგწონთ ვარსკვლავის ცხოვრებაში... - ფულის გაკეთება, რაც ბედნიერს მხდის.
|