* * *
ზევით ცა მხურავს – კრიალა, ღია,
ირგვლივ მთებია მკერდდაგლეჯილი,
ჩემი სამშობლო იალაღია,
ზედ საამური ხარობს ჯეჯილი,
და თუ მოაწყდა მტერი იალაღს, -
ვერ შესძლოს გულმა ბოღმის დატევა,
მოვიხმარ ლექსებს, როგორც იარაღს,
მოვიხმარ ლექსებს, როგორც სატევარს!
1936 წ.
დასვენების დღე
ვდგავარ და ვხედავ როგორ თენდება
ეს დღე – მთისა და ბარის ზეიმით…
ყოველთვის ტკბილად გამახსენდება
მისი უბადლო თვალისეირი.
ერთხელ მოსული, დიდი სიჩქარით
ქრება, მიდის და თვალებს შორდება,
მაგრამ ისევე, როგორც ცისკარი,
კვლავ იბადება და მეორდება.
ეს დღე მაღლდება, როგორც სიცოცხლე,
როგორც სინდისი და ერთგულება,
დაივლის სახლებს, ჯდება მინდორზე
და გააჩაღებს მხიარულებას.
ისვენებს ხალხი, პოეტი მარტო
ფიქრობს და იწვის ლექსის მშვენებით
და ვამბობ: ქვეყნად პოეტის გარდა
ყველას ჰქონია დღე დასვენების!
პოეტი ლექსის სტრიქონებს ებრძვის
უხილავს, ფარულს, ჯერ დაუსტამბავს,
მერე წავა და შრომადღეს ეტყვის
დასვენების და გართობის ამბავს.
1938
* * *
მე მიყვარს, როცა ყანაში გახვალ
და მგაგებებს სიმინდი ლახვარს.
მე მიყვარს, როცა ყანაში გახვალ
და დილის ნამით გაილუმპები…
თუ ეს ერთხელაც არ განგიცდია,
სიტყვის უთქმელად დაიღუპები.
ან როცა იწყებ სიმინდის მოროდს
და ფეხზე სველი მიწა გეყრება…
თუ ეს იგრძენი, ცხოვრების ბოლოს
ცვრიანი სიტყვა არ გაგეყრება.
მე ქალის თმების სურნელის მსგავსად
ვეტრფი მოხნული მიწის ოხშივარს,
ამიჩქარდება სისხლი ველური
და ვაჟკაური ლექსი მომშივა.
მე ქალის თმების სურნელის მსგავსად
მათრობს სიმინდის ულვაშის სუნი…
ლექსის სათქმელად რომ ვემზადები,
ვარ ოჯალეშით გულდასისხლული.
მე მხოლოდ მისი სახელი მიყვარს,
ვისაც სიცოცხლე ამგვარად მიჰყავს,
და მხოლოდ მისი ცეცხლი მედება,
ვისაც ასე სწამს შემოქმედება.
1938
***
საქართველოში
საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე:
„ეხ… წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!„
თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს,
ერთი იმედით სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს
საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
„ეხ, წუთით მაინ დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!„
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს!
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!
1939
***
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა
ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი ასე რამ შემაყვარა!
მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.
ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება, ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.
ქართული ზეცა, ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა…
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
1939
***
კალმახები სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე
საქართველოს პავილიონის
შესავალთან მარმარილოს
აუზში დგაფუნობს კალმახი.
გაისმა უცებ „ლილე" ამაყი,
მთების ბუნების ჰიმნი სვანური
და ადგაფუნდა წყალში კალმახი,
მკვირცხლი და მარად მოუსვენარი.
ერთი მეორეს შეეხო ფრთებით
და კალმახები შეყარა ალყად,
თუ გაახსენდათ სვანეთის მთები
და შფოთიანი ენგურის ტალღა?!
გაგიგონიათ კალმახი შედგეს?
ვერ მოისვენებს, თუ არ გაცურა…
და დაეჯახა აუზის კედლებს
ფარა ფერადი მამაკაცურად.
ვინ იტყვის აბა, რა ხმას მოჰგავდა
მათი ფარების ცემა გმირული, -
ენგური იყო, იგი ბორგავდა,
მუდამ შლეგი და თავგანწირული.
ძალა ჰქონია ვაჟკაცურ „ლილეს",
წუთით თევზებმაც აიდგეს ენა,
მოიგონებდნენ ენგურის ჩრდილებს,
მოიგონებდნენ მშობლიურ კერას.
და მხნე უტევდნენ პატარა სივრცეს
ჩქარი ტალღების ლაღი მდევრები,
წვრილ-წვრილ ვარსკვლავებს ისროდნენ ცისკენ
და ლაპლაპებდნენ ვით სატევრები.
გაიოცებდა ხალხი მშრომელი
მათს გახელებას და ამღერებას,
და მოსკოველი სტახანოველი
იდგა, უმზერდა საკვირველებას.
იდგა აუზთან მაღალი კაცი,
მზისგან დამწვარი დიდი ხელებით,
უკვირდა, როგორ ელავდნენ წყალში
ნაირ-ნაირი ცისარტყელები.
და ბოლოს, როცა შრომის არსენამ
თვალით განჭვრიტა გზა სამერმისო,
შთაბეჭდილების წიგნში ჩაწერა,
- საქართველოში თევზიც მღერისო.
1939
***
ქართლის გზაზე
ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა,
რაც უფლის ციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა;
მინდვრებს, გორაკებს, ფერდობებს ეფინება და ედება,
გზაში ყაყაჩოს შეხვედრა სიკეთედ დაგვებედება:
სულ ახალგაზრდა ვიქნებით, გული არ დაგვიბერდება!
ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩ გაშლილა,
რაც უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა;
მოდი, ჩვენ ესეც ვიკმაროთ და სხვა დიდება არ გვინდა,
ყაყაჩომ თუ მოგვანათოს ლამაზი ქალის შუქითა.