ასეთი იდეალური ქალისგან ყველაფერს ველოდით, ოღონდ არა იუმორის გრძნობასა და გულწრფელობას, რომლითაც ის "cosmo"-ს კითხვებს პასუხობდა.
- გაქვთ რამე წესები, რომლის მიხედვითაც მოდას მისდევთ და ცხოვრებას მიჰყვებით? - არანაირი განსაკუთრებული წესები არ მაქვს. მე უბრალო ქალი ვარ, ორი შვილის დედა და ცოლი, რომელიც მუშაობს. მეც ისეთივე პრობლემები მაქვს, როგორც ყველა დანარჩენს. რაც შეეხება მოდას, დიდ პატივს ვცემ იმას, რასაც ცნობილი მოდის სახლები აკეთებენ. მშვენივრად ვხვდები, რა შრომასთანაა დაკავშირებული ერთი ნივთის შექმნაც კი. მაგრამ მე მოდის მიმდევარი არ ვარ, მე ჩემი სტილი მაქვს.
- სახლში რა ენაზე საუბრობთ? - ბავშვებს იტალიურად, მეუღლეს კი ფრანგულად ველაპარაკები.
- მკაცრი დედა ხართ? - მხოლოდ ყოფით საკითხებში. მაგალითად მინდა, რომ ბავშვებმა თბილად ჩაიცვან, როცა გარეთ გადიან, მინდა რომ კარგად ჭამონ... სხვა მხრივ, მბრძანებელი არ ვარ.
- რას ისურვებდით თქვენი ქალიშვილებისთვის? - იყვნენ ბედნიერები და ჰქონდეთ რამის მიმართ ვნება და მიდრეკილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც სიცოცხლის შეგრძნებას გვანიჭებს. როცა დილით იღვიძებ და იცი, რომ შენი საყვარელი საქმე გაქვს და მას აკეთებ - ეს არაჩვეულებრივია.
- გაქვთ რაიმე ჰობი? - ბევრი რამის კეთება მიყვარს, მაგრამ ერთ კონკრეტულ რამეზე კონცენტრირება არ მომწონს. მომწონს ცურვა, ზოგჯერ ფიტნესითაც ვარ დაკავებული, მაგრამ არა ყოველთვის. ჩემი სამუშაო დღე...
- დატვირთულია? - ვიტყოდი, რომ ის სრულიად უწესრიგოა.
- რა არის თქვენთვის სილამაზე? - ეს მხოლოდ და მხოლოდ შინაგანი მდგომარეობაა. ძალიან ბევრი ლამაზი ქალი ვერ ხვდება, რომ ლამაზია. ისინი იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციას, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს არ სჭირდებათ. შენ ლამაზი მაშინ ხარ, როცა საკუთარი თავი ასეთად მიგაჩნია. სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ სხვები შენზე.
- რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი? - მე მოძღვარი არ ვარ, რომ ქადაგება ვიკითხო. მე იტალიელი ქალი ვარ და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია. ვგიჟდები ჩემს საქმეზე, ჩემი პროფესია ჩემი ვნებაა, მაგრამ მე პირველ რიგში ქალი ვარ და მხოლოდ ამის შემდეგ მსახიობი.
- თქვენ ბევრს მოგზაურობთ. რომელ ქვეყანაშია უკეთესი ცხოვრება? - მე ევროპა მიყვარს. მომწონს რომს, პარიზსა და ლონდონს შორის ცხოვრება. ჩემი სამსახური გამუდმებულ მოძრაობას მთავაზობს და ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ვჩერდები.
- რაც შეეხება თქვენს სამშობლოს? - მე ასი პროცენტით იტალიელი ვარ. პროფესიაშიც მხოლოდ იტალიით ვარ აღფრთოვანებული: ფელინი, ვისკონტი, როსელინი... "მარტინი გოლდის" ვიდეორგოლიც, რომელიც ფილმი უფროა, ვიდრე ჩვეულებრივი რეკლამა - იტალიის ტრადიციისა და თანამედროვეობის მიქსია და ძალიან მსიამოვნებს, რომ მსოფლიო ბრენდებმა "მარტინიმ" და "დოლჩე და გაბანამ" მე საკუთარი პროდუქციის სახედ ამირჩიეს.
- საჭმელებს თუ ამზადებთ? - არა, მაგრამ ჭამა მიყვარს. ბავშვებისთვის მარტივ საჭმელებს ვაკეთებ და ვფიქრობ, ჩემი კულინარიული შესაძლებლობის მხოლოდ მათ სჯერათ.
- რა გგვრით ღიმილს? - ჩემი შვილები და მათი სიცილი.
- გახსოვთ ბოლოს როდის იცეკვეთ? - რა თქმა უნდა, წუხელ. ჩემს ქალიშვილთან ერთად ვიცეკვე, ის მუსიკაზე გიჟდება. მე მისთვის ხშირად ვმღერი, ის კი ხმას მიწყობს ხოლმე.
- როგორი მუსიკა მოგწონთ? - Black soul-ი
- სახლში ყოფნის დროს თქვენს მეუღლეს სამსახურზე თუ ელაპარაკებით? - როგორც წესი, მე მას ვეკითხები ხოლმე "ვენსან, უყიდე გოგონებს პიჟამოები?" ვლაპარაკობთ ჩვეულებრივ ამბებზე.
- თქვენ დიდი ხნის წინ აპირებდით იურისტი გამხდარიყავით, შეძლებდით იურისტად მუშაობას? - არა! ეს ისეთი მოსაწყენი იქნებოდა. ამჟამად როგორც ვცხოვრობ, ასე გაცილებით მომწონს.
- ოცნება, რომელიც ჯერ არ ასრულებულა, არსებობს? - არ არსებობს, იმიტომ რომ მე უკვე ნამდვილად ყველაფერი მაქვს.
|