ანი ლებანიძე, იგივე "ინტრიგანი ირინკა", დაახლოებით ერთი თვის წინ გამოჩნდა ტელესერიალში "გოგონა გარეუბნიდან" და უკვე საზოგადოების დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. ანი 14 წლისაა. სწავლობს 165-ე საჯარო სკოლაში. დედა - მაკა სალუქვაძე, პროფესიით სტომატოლოგია, მამა, ვაჟა ლებანიძე კი - ნევროპათოლოგი.
ჰყავს 11 წლის და - მარი. ანი ბევრს მსახიობ რუსკა მაყაშვილის ღვიძლი და ეგონა, რადგან გარეგნულად ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ტელესერიალშიც რუსკას დახმარებით მოხვდა, თანაც ისე, რომ ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ...
- ტელესერიალში "გოგონა გარეუბნიდან" როგორ მოხვდი?
- რუსკა მაყაშვილი დავიმეგობრე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში". სიმართლე გითხრათ, დიდი მიწერ-მოწერა არ გვქონია. ერთხელ მივწერე, მეც მსურს მსახიობობა-მეთქი. კარგა ხნის შემდეგ რუსკამ მომწერა, რომ ტელესერიალისთვის შენხელა გოგონებში კასტინგს მართავენ და მოდი, რა იცი, რა ხდებაო.
მეც მიმიყვანეს მშობლებმა. როგორც კი რუსკამ დამინახა, თქვა, უი, ჩემი ორეული მოსულაო.
- ანუ, მანამდე ფოტოებზე მსგავსებას ვერ ხედავდა?
- ვერა. თან ახლა მაკიაჟსაც ისე მიკეთებენ, რომ რუსკას ძალიან დამამსგავსეს.
- მეტყველებით, მანერებითაც ძალიან ჰგავხარ.
- მიუხედავად იმისა, რომ რუსკა ჩემთვის სამაგალითო გოგო და მსახიობია, არაფერში ვბაძავ. როგორიც სერიალში ვარ, ისეთივე ვარ რეალურ ცხოვრებაშიც. თუმცა ჩემი გმირის, ირინკასგან განსხვავებით ქაჯი, მაწაკი და ინტრიგანი არ ვარ.
- როლზე მაშინვე დაგამტკიცეს?
- როდესაც კასტინგზე მივედი, რუსკა დამხვდა და ისე ჩამეხუტა, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით. სცენარისტებს ჩემს დანახვაზე გაეღიმათ. ყველამ აღნიშნა, რომ რუსკას ძალიან ვგავდი. ამ ამბიდან მე-4 დღეს რუსკამ დამირეკა და მითხრა, როლზე დაგამტკიცესო.
- სკოლაში ძალიან პოპულარული გახდებოდი...
- მართლა ძალიან პოპულარული გავხდი. ბავშვები მოდიან და მეკითხებიან, შეიძლება, შენთან სურათი გადავიღოთო (იცინის). ერთმა ბავშვმა 7-ჯერ ჩამომართვა ავტოგრაფი. ეს ყველაფერი სკოლაში, შესვენებებზე ხდება და უარს არავის ვეუბნები, ამიტომ გაკვეთილებზე ხშირად ვაგვიანებ.
არ გეგონოთ, რომ პოპულარობა თავში ამივარდა. ჰოლივუდის ვარსკვლავიც რომ გავხდე, ეს არ მოხდება. ძალიან მიხარია, რომ ხალხს ასე მალე შევუყვარდი.
- პედაგოგები რას გეუბნებიან?
- როდესაც დაბალ ნიშანს მიწერენ, ხუმრობით მეუბნებიან, ამის გამო შენი გმირივით არ დაგვაშანტაჟოო (იცინის).
- შენი გმირივით თუ დაგიშანტაჟებია ვინმე?
- ხუმრობით როგორ არა! ერთხელ მაინტერესებდა ერთი ადამიანი რას ფიქრობდა ჩემზე და სხვისი სახელით მივწერე "ესემესი" და ანი ლებანიძეზე, ანუ ჩემზე ვკითხე რაღაცები და გავიგე, რასაც ფიქრობდა ჩემზე.
- კარგი წარმოდგენა ჰქონია შენზე?
- დიახ, არადა, არ ვიცოდი.
- ინტერვიუს დაწყებამდე მითხარი, თითქმის ყველა ნათესავი ექიმი მყავს და მინდა, მეც ექიმი გამოვიდეო. მსახიობობაზე არ ფიქრობ?
- როგორ არა. მინდა, ორივე პროფესია მქონდეს. არადა, პატარა რომ ვიყავი, ჟურნალისტობა, ჩოგბურთელობა და მოდელობა მსურდა.
- პრეზიდენტობაზე არასდროს გიოცნებია?
- მე არა, მაგრამ ჩემი და მარი ხან პრეზიდენტობაზე ოცნებობს, ხან - მინისტრობაზე.
- დავუშვათ, გახდი საქართველოს პრეზიდენტი, რას გააკეთებ?
- პირველ რიგში, ჩემი ქვეყნის ტრადიციებს, ადათ-წესებს, კულტურას წამოვწევდი წინა პლანზე. ავაგებდი უამრავ ეკლესიას... მოკლედ, ქართულ კულტურას წარმოვაჩენდი და ამ გზით მოვიზიდავდი ტურისტებს. გარდა ამისა, ყველა პროფესიის წარმომადგენელს დავაფასებდი და პროფესიონალიზმი უმთავრესი იქნებოდა.
- შენთვის რას გაიკეთებდი?
- დიდ სახლს ავიშენებდი, მექნებოდა ეზო, სადაც ბევრი ძაღლი მეყოლებოდა. ვგიჟდები ძაღლებზე, გარდა კოკერ-სპანიელისა. არადა, შინ მაინცდამაინც კოკერი მყავს. ვერ შემაყვარა ჩემმა ძაღლმა თავი. კიდევ - ეზოში უამრავ ყვავილს დავრგავდი...
- შენი მშობლებიდან რომელიმე რომ გახდეს პრეზიდენტი, არ გინდა?
- საერთოდ, პრეზიდენტობა ადამიანს ცვლის. ამიტომ მირჩევნია, ისევ სტომატოლოგისა და ნევროპათოლოგის შვილი ვიყო. რა დროს პრეზიდენტისDშვილობა და დაცვის თანხლებით სიარულია?!
- რას ნიშნავს კანონი?
- კანონი არის წესი, რომელსაც მოსახლეობა უნდა დაექვემდებაროს.
- ნაცია რა არის?
- "ნაციონალურ მოძრაობასთან" არის კავშირში.
- ვინ მიგაჩნია ყველაზე სიმპათიურ პოლიტიკოსად?
- კაცებიდან მოდელ ირინა ონაშვილის ქმარი (ლადო ვარძელაშვილს გულისხმობს), ქალებიდან კი ეკონომიკის მინისტრი რომ არის, მისი გვარი ია-ზე მთავრდება (ვერა ქობალიას გულისხმობს)...
- რას ურჩევდი საქართველოს პრეზიდენტს?
- ვთხოვდი, რომ ქართულ კინოს და თეატრს მეტი ყურადღება მიაქციოს. მართალია, საქართველოში ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი ჩამოიყვანა, მაგრამ ეს ყველაფერი ქართულ კინოსა და თეატრს არ შველის.
- მუნიციპალიტეტი რას ნიშნავს?
- მგონი, ეს სიტყვა თბილისის მერიის შენობას აწერია.
- შენ რომ იყო თბილისის მერი, რას შეცვლიდი დედაქალაქში?
- ძველ თბილისს შევუნარჩუნებდი თავის სახეს, ციხესიმაგრეებს გავამაგრებდი. საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს ამით თუ დავაინტერესებთ, თორემ თანამედროვე სასტუმროებით და ახალი შენობებით ვერ გავაკვირვებთ. საქართველოს ტრადიციებით და ძველი არქიტექტურით უფრო გავუთქვამთ სახელს მსოფლიოში.
თუმცა თანამედროვე რაღაცებიც საჭიროა. მოკლედ, ძალიან მინდა, რომ ჩემი სამშობლო გაბრწყინებული და მთლიანი იყოს. მინდა, რომ დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები. გარდა ამისა, მინდა, ვიყოთ თავისუფლები, ანუ ამერიკა და რუსეთი ჩვენზე ზეწოლას ვერ ახდენდნენ.
|