შოტლანდიელი მომღერლის სუზან ბოილის (Susan Boyle) მეორე ალბომი აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ჰიტ-აღლუმებში ლიდერობს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
სუზან ბოილიმ სახელი სატელევიზიო შოუ Britain's Got Talent-ით გაითქვა. ალბომი სახელწოდებით " The Gift" გაყიდვაში 8 ნოემბერს გამოვიდა. გამომცემლობა ”Billboard"-ის მონაცემებით, აშშ-ში პირველ კვირაში ალბომის 318 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. შედეგად, ბოილის ალბომი ჰიტ-აღლუმის პირველ ადგილზე დამკვიდრდა და ”ქანთრის” მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
როგორც "Sony"-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, ბოილიმ ერთდროულად აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ჩარტებში პირველი ადგილი დაიმკვიდრა. ეს 1969 წელს მხოლოდ "The Beatles"-მა შეძლო. ბოილის პირველი დისკის "I Dreamed a Dream"-ის 10 მლნ ასლი გაიყიდა.
სუზან ბოილის მეორე დისკზე ჩაწერილია რამდენიმე საშობაო სიმღერა და კლასიკური ჰიტების (Perfect Day; Hallelujah) ”ქავერ-ვერსიები”.
ბოილის ალბომის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე მომღერალმა საკუთარ ფანებს სთხოვა, მასთან ერთად დუეტი შეესრულებინათ. ამის გამო სპეციალური კონკურსიც ჩატარდა. ფანები მომღერალს YouTube -ზე საშობაო ჰიტის "Silent Night"-ის შესრულების საკუთარ ვერსიებს სთავაზობდნენ. კონკურსის გამარჯვებული 33 წლის ნიუ-იორკელი ემბერ სტესია, რომელსაც სუზან ბოილისთან ერთად სიმღერა Do You Hear What I Hear-ის ჩაწერის საშუალება მიეცა.
დისკმა წინასწარი შეკვეთების მიხედვით, Amazon-ის რეკორდი მოხსნა. სუზან ბოილი გაყიდვების პირველი კვირის მიხედვით, აშშ-ში ქალ შემსრულებლებს შორისაც რეკორდსმენია.